რა ეღირება Led Zeppelin-ის წევრის რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი

“თიბისი სტატუსისა” და კომპანია “ისთერნ პრომოუშენსის” 2018 წლის მასშტაბური მუსიკალური პროექტები ცნობილია.

მუსიკალური პროექტები “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა და “ისთერნ პრომოუშენსის” დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროეს.

თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდება. ფესტივალს 28 აპრილს ლეგენდარული ამერიკული ჯაზ ტრიო Bad Plus გახსნის. 29 აპრილს აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფის Naturally 7 კონცერტი გაიმართება. 30 აპრილს კი ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის ჯაზ ფესტივალზე ლეგენდარული ჯგუფი Miles Electric Band და მუსიკოსი Ravi Coltrane წარსდგებიან.

სიახლეებია ბათუმის “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე”. ფესტივალზე 19 ივლისს, Back Sea Arena-ზე ლეგენდარული ჯგუფის Led Zeppelin წევრი, მუსიკოსი Robert Plant იმღერებს. შემდეგ დღეებში კი ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის კორტებზე გაგრძელდება. 20 ივლისს მსმენელის წინაშე ლეგენდარული Trombone Shorty წარსდგება. შემდეგ დღეებში კი რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, კრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვები იმღერებენ.

შავი ზღვის რიგით მე-12 ფესტივალის ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება. 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება ბილეთებისა და აბონიმენტების პირველი ნაწილის გაყიდვა. ბილეთის ფასი 60 ლარიდან იქნება, რომლის შეძენაც შესაძლებელია ინლაინ - TKT.GE-ზე.

რიგით მეორე ფესტივალი Jazz and Wine Kakheti კი ლოპოტასა და წინანდალში 21-23 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალში წელსაც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები წარსდგებიან.