„2018 წლის ბოლომდე პოლიეთილენის პარკების გამოყენება უნდა აიკრძალოს“ - რატომ ჭიანურდება მთავრობისთვის პროექტის წარდგენა?

„მთავრობის დასტურის შემთხვევაში, ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 2018 წლის ბოლომდე აიკრძალება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განუცხადა.

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენების აკრძალვის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამსახურმა შესაბამისი პროექტის შემუშავება დაიწყო, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას უნდა გადაგზავნოდა. პროექტის მიხედვით, 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება. ეს ყველაზე თხელი პლასტიკის პარკია, რომელიც ერთჯერადია და მისი მეორედ გამოყენება არ ხდება. როგორც მაშინ იყო მოლოდინი, პარკების აკრძალვა 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა პროექტი მთავრობას ჯერაც არ ჩაბარებია.

როგორც ჩანქსელიანი განმარტავს, პროცესის გაჭიანურების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, უპირველესია ის, რომ ჯერ ბიოდეგრადირებული პარკების სტანდარტი უნდა დაინერგოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პროექტის დამტკიცება.

„მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა და მთავრობის დადგენილების პროექტი აკრძალვასთან დაკავშირებით მზად გვქვს. თუმცა მთავრობას სანამ გადავუგზავნით, მანამდე სტანდარტის მიღებაა საჭირო. როდესაც ნორმატიული დოკუმენტის მიღება გადავწყვიტეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ქვეყანაში ბიოდეგრადირებადი პარკების სტანდარტი არ გვქონდა. ევრორეგულაციაში მოვიძიეთ შესაბამისი სტანდარტი, ვთარგმნეთ და დასამტკიცებლად საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გადავუგზავნეთ. მათ კომისიაზე განიხილეს, შესაბამის ინსტიტუტს გადაუგზავნეს. ყველა საჭირო პროცედურა გავლილია და დღე-დღეზე ველოდებით, რომ სტანდარტი დამტკიცდება“, - განმარტავს ჩანქსელიანი.

მისივე თქმით, ის რომ პროექტი ამ დრომდე მთავრობას ვერ გადაეგზავნა, ამის მიზეზი სამინისტროების ოპტიმიზაცია - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანების და ერთგვარი გადაწყობის პროცესიც არის.

„ახალ ხელმძღვანელობასთან შიდა განხილვები კიდევ გვექნება. შემდეგ უკვე მთავარია, რომ მთავრობისგან დადებითი პასუხი მოვიდეს და თუ ასე მოხდა, წლის ბოლომდე პოლიეთილენის პარკები უნდა აიკრძალოს. გარანტიას ვერ ვიძლევით, რომ მთავრობას პროექტი აუცილებლად მოეწონება, თუმცა მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს ჩანქსელიანი.

ამასთან, მისი თქმით, მეწარმე-სუბიექტმა უნდა იცოდეს, ზუსტად როგორი პარკის შემოტანა და წარმოება შეუძლია.

„ეს რთული საკითხია, რომელიც პირდაპირ სამეწარმეო სექტორს უკავშირდება. აკრძალვა ისეთი ფორმით არ უნდა მოხდეს, რომ ამ სფეროს განვითარებას ხელი შეეშალოს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ ეკოლოგიურად მაღალი ეფექტი მივიღოთ. გარდა ამისა, ოქსო-დეგრადირებად პარკებს ბიოდეგრადირებულს უწოდებენ, თუმცა რეალურად ისინიც საზიანოა გარემოსთვის. აღნიშნული პარკები მცირე ფრაგმენტებად იშლება, მაგრამ სრულად მაინც ვერ იშლება და უფრო პრობლემატურია, ვიდრე ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკები. ამიტომაც მის აკრძალვასაც მოვახდენთ“, - აცხადებს ჩანქსელიანი.

რაც შეეხება სანქციებს, თუ რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ ადამიანებს, რომლებიც პოლიეთილენის პარკს აწარმოებენ ან მის რეალიზებას მოახდენენ, გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ზუსტი ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის: „ჯარიმა-სანქციები ადმინისტრაციულ კოდექსში ჩადებულია. პროექტი პარლამენტში შესულია და იმედია, რომ უახლოეს პერიოდში ესაც მიღებული იქნება და დადგინდება ჯარიმების ოდენობა.“

2010 წლის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთი მოქალაქე საშუალოდ დაახლოებით 198 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი დირექტივა და განსაზღვრული სტანდარტი მოქმედებს, როგორი პარკების მოხმარება იკრძალება. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში არის მოლოდინი, რომ 2015 წლისთვის ერთი მოქალაქე საშუალოდ მხოლოდ 40-ს პარკს უნდა მოიხმარდეს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებს და საქართველოს ერთი მოქალაქე დაახლოებით 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს.

თეონა კენჭიაშვილი