საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი მარტისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 7.4 მლნ ლარით, ანუ 0.04 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით მეტი).
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.0 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 66.5 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.5 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 36.28 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.47 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.5 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა.