საქართველო-ისრაელს შორის IT მიმართულებით ერთობლივი საწარმოები შეიქმნება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპორტის ინსტიტუტში კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამნისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელის კომპანიებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი გააცნო.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისრაელის კომპანიებს ქართულმა მხარემ ასევე გააცნო საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან.

„ისრაელის კომპანიებს შევთავაზეთ საქართველო, როგორც პლატფორმა საწარმოების გახსნისთვის და შემდგომში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანა იმ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც საქართველოში იქმნება.

„ამ მხრივ გვჭირდება ისრაელის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში ინოვაციების მხარდამჭერი და წამყვანი ინოვაციური ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იქნება თანამშრომლობა, ვინაიდან ახალგაზრდებს შევთავაზებთ სპეციალურ სასწავლო კურსებს. ასევე შეიქმნება რამდენიმე ერთობლივი საწარმო, რომლებიც IT მიმართულებით იმუშავებენ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტში ისრაელის კომპანიებთან შეხვედრისას საუბარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებასაც შეეხო.

„ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი ხელს უწყობს ისრაელის კომპანიებს საერთაშორისო ბიზნესის კეთებაში, მათ შორის სტრატეგიების შემუშავებაში, თუ როგორც შეიქმნას ერთობლივი კომპანიები და როგორ მოხდეს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები ისრაელს სთავაზობენ. შეხვედრა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის ხელშეწყობით შედგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.