"კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის) პარკირების ადგილების დაახლოებით 50% "car rent"- ის ბიზნესის ავტომობილებით არის დაკავებული," - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"ეს ავტომობილები აქ ხან დღეების, ხანაც თვეების განმავლობაში უძრავად არიან გაჩერებულები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დროებით განთავისუფლდა ადგილი, თქვენ მაინც არ გაგაჩერებინებენ და ცარიელ სივრცეს ისევ თავისი ავტომობილით ამოავსებენ. არადა, ეს ადგილები ყველას ეკუთვნის ვინც პარკირების 50 ლარს იხდის. თუმცა, კოტე აფხაზის ქუჩაზე სხვაგვარი წესები მოქმედებს... ჩვენ არ ვუშლით ბიზნესის განვითარებას ხელს, მაგრამ დღეში 13 თეთრად (50 ლარი წლის განმავლობაში) დაიკავო საჯარო ადგილი მხოლოდ შენი სარგებლობისთვის, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. ირღვევა თუ არა კანონი? არა, რომელიმე კონკრეტული კანონი არ ირღვევა. ზუსტად ამიტომ, ჩვენი შეფასება უფრო მორალური ხასიათისაა, ვიდრე სამართლებრივი და არ მოგვწონს, როცა რომელიმე ბიზნესმენი საჯარო ადგილს (ყველასთვის განკუთვნილს) როგორც მის კერძო საკუთრებას ისე იყენებს. თითქოს, სხვები არც არსებობდნენ ამ ქვეყნად! ბოლოს კი ვიტყვით, რომ დედაქალაქში დღეს პარკირების უსამართლო და მახინჯი სისტემა მოქმედებს." - წერს ორგანიზაცია