„საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, რეზერვისტებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში თანამდებობრივი სარგოსა და საკლასო დანამატის მიღება შეეძლებათ.
აღნიშნული ცვლილება, 2018 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, კანონის მოქმედი რედაქციით, თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი არ უნარჩუნდება მოხელეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდებოდა - პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.
ცვლილებების შედეგად კი, 1-ლი ივნისიდან თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი არ შეუნარჩუნდება იმ მოხელეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდება - პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ასევე მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებში.
ამასთან, კანონის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან მის დროებით გათავისუფლებას ნიშნავს.