„სითი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს

კომპანია „სითი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს. ამის შესახებ „სითი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სარჩელი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე, ცალმხრივად გაწყვეტას ეხება.

შუბითიძის თქმით, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუწყვიტა, რაც არასამართლიანია.

„ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გასაჩივრების ვადა 14 აპრილამდე გვაქვს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპანია სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს“, - განაცხადა თამარ შუბითიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას დედაქალაქის მერია ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპრილიდან უწყვეტს და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილსიის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.