„პირელიმ“ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ავტომობილისთვის საბურავები გამოუშვა

იტალიურმა კომპანია „პირელიმ“ საკოლექციო ავტომობილებისთვის განკუთვნილი საბურავების ხაზი „კოლეციონე“ გააფართოვა და მას ახალი (ძველი) მოდელი - „სტელვიო კორსა“ დაამატა.

ეს საბურავები, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის, „ფერარი 250 GTO-სთვის“ არის განკუთვნილი.

„სტელვიო კორსას“ მოდელის საბურავები, იმ დროის საბურავების სტილშია შესრულებული, რომლებითაც თავის დროზე, 250 GTO იყო ეკიპირებული. თუმცა შემადგენლობით ისინი განსხვავებულია, რადგან რეზინის თანამედროვე მარკითაა დამზადებული. მისი თავისებურება ისაა, რომ სველ გზაზე უკეთეს ჩაჭიდებას უზრუნველყოფს და ცვეთისადმი მედეგია.

ახალი საბურავის შემუშავებისას, „პირელიმ“ არქივის ფოტოები გამოიყენა, რათა საბურავის პროტექტორის გრაფიკა ზუსტად აღედგინა. გარდა ამისა, გამოიყენეს იმდროინდელი სარბოლო საბურავების სპეციფიკაციები და ტექნოლოგია. „სტელვიო კორსას“ მოდელის საბურავები, 215/70 R15 (წინა) და 225/70 R15 (უკანა) ზომებით დამზადდება.

აღსანიშნავია, რომ სახელი „სტელვიო“ ერქვა იმ საბურავებს, რომლებსაც „პირელი“ 1950-იან წლებში აწარმოებდა. მათ ფორმულა 1-ის ავტომობილ „ფერარი 500-ზე“ იყენებდნენ, რომლითაც იტალიელმა ალბერტო ასკარიმ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

რაც შეეხება „ფერარი 250 GTO-ს“, ის ავტო კოლექციონერთათვის ნამდვილი რელიქვიაა. და ისინიც მასში წარმოუდგენელ თანხებს იხდიან. მაგალითად, 1962 წელს გამოშვებულ 250 GTO-ში 2014 წელს 38 მილიონი დოლარი გადაიხადეს, 2016 წელს კი ბრიტანულმა კომპანია „ტალაკრესტმა“ გასაყიდად გამოტანილ 250 GTO-ში 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 62.5 მილიონი დოლარი) მოითხოვა.