კახა კოჟორიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებზე გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის აზრით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული მაღალი პრემიების საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მით უფრო ლალი მოროშკინას განცხადების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელიც ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალი პრემიები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე დუმილისთვის მიიღეს.

"ახლა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, არა რომელიღაც მოქალაქის, არამედ იმ ადამიანის მიერ, ვინც სისტემაშია დასაქმებული და აქვს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა, ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაზეც ქალბატონი მოროშკინა საუბრობს, ამიტომ გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე, მით უმეტეს, რომ უწყებაში აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს", - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომ აუცილებელია იმ ვალდებულების შესრულება, რაც მათ ეკისრებათ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა საკმაოდ მაღალი პრემიები მიიღეს.