„ეჭვი მეპარება, რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს“

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი სრულად პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც დღეს დედაქალაქშია,

- ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალუქვაძე ეჭვქვეშ აყენებს იმას, რამდენად კარგად გაიგო დამკვეთმა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტი.

"ჩვენ სრულყოფილებაზე ალბათ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს - ჩვენს ჯგუფს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და დამკვეთს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს. ამაზეა, ალბათ, საუბარი და არა რაღაც შენიშვნებზე, რაც არაკონცეპტუალურია. გენგეგმა, რომელიც მზა სახით უკვე დევს თბილისის მერიაში, სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ქალაქის წინაშეა, არ არის გამოტოვებული არც ერთი პუნქტი, არც ერთი გამოწვევა, რომელიც არ ავსახეთ ამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ვის როგორ მოსწონს, ეს სხვა საქმეა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ყველა იმ ამოცანებს, რომელიც ქალაქის წინაშე დღეს დგას.

თქვენ ძალიან კარგად ხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს და იმასაც ხედავთ, რომ თბილისში ყველაფერი კარგად არ არის, განაშენიანების და იმ პრობლემების კუთხით, რომელიც ურბანული განვითარების თვალსაზრისითაა. დასკვნები აქედან ჩვენ ყველამ უნდა გამოვიტანოთ", - განაცხადა სალუქაძემ.