თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განმარტებით, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კერძო საკუთრებები არ არის გათვალისწინებული და უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია.
ამის შესახებ ილია ელოშვილმა გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს განაცხადა, სადაც „სითი ინსტიტუტის“ მიმართ არსებულ შენიშვნებზე დეტალურად ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში უგულებელყოფილია რეალობა. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული უკვე არსებული შენობების დიდი ნაწილი, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები და მათ ადგილს განაშენიანების კოეფიციენტები ადევს.
„რაც უფრო ზუსტია გენგეგმა, მით უფრო სწორ ინფორმაციას ასახავს ის დედაქალაქის მდგომარეობის შესახებ, ასევე, მით უფრო სწორად გამოყენებადია ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. დავალება, რაც მერიის მხრიდან კომპანიისთვის იყო მიცემული, არსებული გენერალური გეგმის განახლებაა. თუ საუბარია ქალაქის ირგვლივ და მის პერიფერიებზე საკრეკრეაციო და მწვანე უბნებზე, ძირითადი მატება სატყეო ნაწილიდან გამომდინარეა, რაც კარგია და რეჟიმებს ამკაცრებს. რაც შეეხება საკუთრების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული მიმართულება შესასწავლია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად იგნორირებულია და წაშლილია მწვანე არეალები, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ნებისმიერი არგუმენტი თბილისის მერიისთვის მიუღებელია.
„ნებისმიერი არგუმენტაცია, რაც ამ ქმედების მიღმა დგას, ჩვენთვის მიუღებელია. თუ საუბარია გენერალური გეგმის განახლებაზე, ის რაც გვქონდა, მინიმუმ უნდა დარჩენილიყო და მისი იდენტიფიკაცია მომხდარიყო. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მას დახედავს, უჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან. მეორე ვარიანტი კი, რასაც ჯგუფი გვთავაზობს, ინვენტარიზაციის თავიდან ჩატარებაა, ანუ მშენებლობა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით, მშენებლობას დაეფუძნოს მწვანე არეალი. ასე რომ ხდებოდა, ცუდი იყო და ამ შემოთავაზებას გაუარესებისკენ მივყავართ“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.