კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“წერილობით გააფრთხილა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გადაცემაში „P.S.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ მიერ მომზადებული კადრები გამოიყენა. გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო.

„გადაცემაში გამოყენებული იყო სპორტსმენის ჩართვა „სკაიპით“. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი იყო ნაჩვენები „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო წაშლილი ჰქონდა. „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვისას, 15 მარის სხდომაზე კომისიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მაუწყებლებს ათდღიანი ვადა მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კომისიამ მსჯელობის შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა“, - აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.