თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა, შესაძლოა, საკრებულომ დაარეგულიროს

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცედურები, შესაძლოა, საკრებულოს დადგენილებით დარეგულირდეს.

კერძოდ, თბილისის მერიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განსახორციელებელი სამუშაოების ნებართვისათვის “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით დადგენილი ნორმები არ გავრცელდება. თუკი თბილისის სარეაბილიტაციო არეალში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებს მერია ახორციელებს, შესაბამის დოკუმენტაციას მერიის უფლებამოსილი ორგანო შეითანხმებს.

ამ მიზნით ცვლილებები ორ კანონში - “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონსა და “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში მომზადდა, რომლის ავტორიც თბილისის მერიაა, ინიციატორი კი - უმრავლესობის დეპუტატები არიან.

პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, ხოლო კანონის მოქმედი რედაქცია საჭიროებს ოპტიმიზაციას - განსახორციელებელ სარეაბილიტაციო თუ სხვა სამშენებლო სამუშაოების ოპერატიულად განხორციელების მიზნით.

“პროექტის მიზანია, თბილისის საკრებულოს მიეცეს საშუალება, თავისივე დადგენილებით დაარეგულიროს თბილისის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების ნებართვის გაცემის წესი და პროცედურა. ცვლილებების მიზანს წარმოადგენეს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების ოპტიმიზაცია“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.