2018 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს არ ეხება.
„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის,“- აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. კერძოდ, მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.
რაც შეეხება ღირებულებას, მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარია.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.