თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ლისის ტბის მიმდებარედ განაშენიანების პროცესი შეჩერებულად გამოაცხადა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს იქნება დროებითი ღონისძიება.
„გვაქვს ისეთი ტერიტორიები, რომელიც რეკრეაციული ზონის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ლისის ტბის მიმდებარედ „ლისი ვერანდა“ ძალიან კარგად არის განვითარებული. გამწვანების კოეფიციენტი მაქსიმალურად არის ათვისებული, რაც მისასალმებელია.
მაგრამ გვაქვს მეორე მხარე ლისის ტბის, სადაც განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს. ეს კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იქ მიმდინარე პროცესი ცხადყოფს, რომ დგას ტერიტორიის ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი როგორც სარეკრეაციო სივრცე არის მიმზიდველი თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ლისის არეალში დროებით შევაჩეროთ ქაოტური განაშენიანების პროცესი. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშავოს ერთიანი ხედვა, ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და მშენებლობითი პროცესები“ - განაცხადა კახა კალაძემ.