"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ფასებთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს.

"ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა, რისი ნათელი მაგალითიცაა მედიკამენტებზე ღირებულების მატება. ამის გამო, დღეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა და ისინი უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყვნენ. 2012 წლის ფასებთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. წამლების ფასები აღებულია ერთი და იმავე ქსელიდან, რათა სურათი უფრო ზუსტი და ნათელი იყოს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ფასების ზრდის მიზეზი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკაა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ვერ მოიტანა ის სიკეთე, რასაც მოქალაქეები ამ პროგრამიდან ელოდნენ და რასაც მათ "ქართული ოცნება" პირდებოდა. ჯერ ერთი, განსხვავებით 2012 წლამდე დანერგილი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტებისგან, ეს პროგრამა საერთოდ არ ფარავს მედიკამენტების ხარჯს. მეორეც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორმა წარმართვამ ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, წამლებზე, ფასების ზრდა გამოიწვია", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, საქსტატის ბოლო მონაცემები ცხადად აჩვენებს ჯანდაცვის სფეროში ფასების შემდეგ მატებას: - ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 7,1 პროცენტი, სამედიცინო პროდუქცია (მათ შორის, მედიკამენტები), აპარატურა და მოწყობილობა - 6,8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება - 2,7 პროცენტი.