„აგარის შაქრის“ კომპანიის ხელმძღვანელობა ბიზნესომბუდსმენსა და აფბა-ს წარმომადგენლებს შეხვდა

„აგარის შაქრის“ ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპნაია „აგარის შაქარი“ ავრცელებს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც „აფბასა“ და „აგარის შაქრის“ კომპანიის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ „აგარის შაქრის“ ქარხნის ყოფილი თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც, თუმცა, მათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში მათ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, შეხვედრას არ დაესწრნენ.

თუმცა, მოლაპარაკება არ ჩაიშალა და შეხვედრის მონაწილეებმა აგარის შაქრის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პროცესში უკვე აქტიურად ჩაერთო ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ასევე, დამოუკიდებელი კონსულტანტების სახით ჩართულები არიან „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლებიც.

„აგარის შაქრის“ კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კვლავ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთონ. მათივე მტკიცებით, ქუჩის აქციების ფორმატით პოზიციის გამოხატვა შედეგის მომტანი არ იქნება და არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი. კომპანიის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან, რადგან აგარის შაქრის ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს.