მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში გასული წლის განმავლობაში ტურიზმის წილი 10,4%-მდე გაიზრდა და ჯამში 8,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ მსოფლიოს ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭო (WTTC) იტყობინება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, ცალკეული რეგიონების მიხედვით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე 2,7 ტრილიონი მოდის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე 2,2 ტრილიონი, ევროპაზე 2,1 ტრილიონი, ხოლო აფრიკა-ახლო აღმოსავლეთზე 402 მილიარდი დოლარი. ცალკეული ქვეყნების მიხედვით კი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში ყველაზე მეტი ტურიზმიდან შეიტანეს ჩინეთმა, აშშ-მა, ინდოეთმა და მექსიკამ.
ორგანიზაციის პროგნოზების მიხედვით, მომავალ 10 წელიწადში, 2028 წლისთვის მსოფლიოს მშპ-ში ტურიზმის შენატანი 12,5 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც პროცენტულად 11,7%-ია.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ტურიზმი იძლევა ყოველ მეათე ახალ სამუშაო ადგილს. 2017 წელს ტურიზმში დასაქმებულების რიცხვი 313 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო 2028 წლისთვის მათი რიცხვი 414 მილიონამდე გაიზრდება, პირველ რიგში ჩინეთის, ინდოეთისა და ინდონეზიის ხარჯზე.
WTTC - ეს არის არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც შედიან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. WTTC იკვლევს ტურიზმის გავლენებს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროებზე.
კოკა კვირკველია