წლებია, საცობები თბილისის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ვითარება განსაკუთრებით უამინდობისას რთულდება, როდესაც მოქალაქეებს ერთი პუნქტიდან მეორემდე მისაღწევად საათებიც სჭირდებათ.
რატომ ვდგავართ წვიმის დროს საცობში უფრო დიდხანს და თბილისის რომელი ქუჩებია განსაკუთრებით გადატვირთული, ამის შესახებ Ambebi.ge ავტომრბოლელსა და ავტომობილების ექსპერტ ზურაბ ბეჟაშვილს ესაუბრა.
სპეციალისტის თქმით, თბილისში საცობების გამომწვევი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, არასწორად გაკეთებული მონიშვნა და შეუსაბამოდ დამონტაჟებული შუქნიშნებია.
"საცობების მიზეზი გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურაა. ალბათ უმეტესობას ჰგონია, რომ საცობებს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების რაოდენობა იწვევს, არადა გაუმართავ ინფრასტრუქტურას საცობის ხელოვნურად შექმნა შეუძლია. იმის ნაცვლად, რომ შუქნიშანმა მოძრაობა დაარეგულიროს და გამტარიანობა გაზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, მოძრაობას აფერხებს კიდეც. მაგალითისთვის, დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონში რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს შუქნიშანი, რომელიც ჩართული ჯერ არ არის. ამ შუქნიშნის მოვალეობას, როგორც დარგის მცოდნე, ჯერჯერობით ვერ ვხვდები, რადგან შუქნიშანი, როგორც წესი, იქ იდგმება, სადაც ავტომობილების ჭარბი რაოდენობა ან გზაჯვარედინია, ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი გვხვდება. დიდ დიღომში მეორე შუქნიშანიც დაამონტაჟეს, რომლის ფუნქციაც ასევე გაუგებარია, რადგან ამ მონაკვეთში, კერძოდ, მუხათგვერდის ასახვევთან, ავტომობილების ჭარბი რაოდენობა და საცობი მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზეა ხოლმე", - განმარტავს ზურაბ ბეჟაშვილი.
ავტომობილების ექსპერტის თქმით, საცობების წარმოქმნა რიგ შემთხვევებში იმ მძღოლების ბრალიცაა, რომლებმაც მოძრაობის წესები კარგად არ იციან.
"საგზაო მოძრაობის ნიშნები სრულყოფილად როგორც მღოლების ნაწილმა, ისე პოლიციელებმაც კი არ იციან, რადგან ისინი გადამზადებულები არ არიან", - დასძენს სპეციალისტი.
ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, თბილისის ცენტრალური ქუჩები მხოლოდ ავტომობილების დიდი რაოდენობის გამო არ იტვირთება.
"საცობები ამ ქუჩებზე ძირითადად, არასწორი მონიშვნისგანაა წარმოქმნილი. მაგალითად, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არის ორი ძალიან მსუბუქი მოსახვევი, ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, საიდანაც მშრალ ხიდთან გავდივართ, აქ ავტოსაგზაო შემთხვევის ან უამინდობის გამოც ხშირად არის საცობი. მიზეზი არასწორად დახაზული ზოლებია. აქ უნდა იყოს უწყვეტი ზოლები, რომ მძღოლებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ამ მონაკვეთზე კიდევ ერთი პრობლემა მძღოლებისთვის, რომლებმაც ავტომობილის მართვა კარგად არ იციან, მოსახვევია, ამ დროს ისინი სიჩქარეს ანელებენ და ძაბრის პრინციპით მთელი ნაკადი ნელა გადაადგილდება", - აღნიშნავს ავტომრბოლელი.
ზურაბ ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივებით პეკინისა და შარტავას დამაკავშირებელი ქუჩები გადაიტვირთა, - "მაგალითად, 161-ე სკოლამდე მისასვლელად 3-4 კილომეტრი ზედმეტად უნდა გავიაროთ, რადგან წრის დარტყმა გვიწევს. აქ მოძრაობის გადატვირთვა ხელოვნურადაა შექმნილი. მოძრაობა არასწორად დამონტაჟებული შუქნიშნის გამო ფერხდება სააკაძის მოედანზეც. წარმოიდგინეთ, ამოდიხართ დიდუბიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით, უხვევთ მერიისკენ, სადაც ყოველთვის უნდა იყოს მწვანე შუქი, რადგან ფეხის მოსიარულეთა გადასასვლელის საჭიროება არ არის, რეალურად კი სხვაგვარად ხდება, რადგან წითლის შემდეგ პირდაპირ მწვანე არ ინთება. ეს პრობლემა შუადღესაც საცობებს იწვევს. გოთუას ქუჩიდან ამოსული ავტომობილების ნაწილი შარტავას ქუჩაზე მიდის, ნაწილი საბურთალოს ქუჩაზე და იქ ხელოვნურად იქმნება საცობი", - განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ გაცალმხრივებამ შარტავას ქუჩაც განსაკუთრებით დატვირთა, - თბილისში, სადაც ავტომობილების დიდი ნაკადია, საცობი ყველგან იქმნება. გარდა ამისა, ერთმა ადამიანმა რომ დაარღვიოს წესი და სხვა ხაზში გადავიდეს, შეიძლება მოძრაობა შეფერხდეს".
ავტომობილების ექსპერტის თქმით, ავტომობილებით გაგარინის მოედანი უფრო იტვირთება, ვიდრე პეკინის ქუჩა.
"მიზეზი შემდეგია: როდესაც წინა მთავრობამ ლაგუნა ვერესთან ესტაკადები გააკეთა, იქ შუქნიშნები მოხსნა. შესაბამისად, ის ნაკადი, რომელიც სადღაც ჩერდებოდა, აღარ ჩერდება და სადღაც ისეთ ადგილას იჭედება, სადაც ყველა მიაწყდება ხოლმე. გარდა ამისა, ავტომობილების ნაწილმა, რომელიც ადრე პეკინზე მოძრაობდა, შარტავაზე გადაინაცვლა, საიდანაც მძღოლები გაგარინზე ჩადიან და საცობი იქმნება. ასე არ შეიძლება, ერთი რაღაცის გაკეთება მეორის გაუთვალისწინებლად არ უნდა მოხდეს", - განმარტავს ზურაბ ბეჟაშვილი. იხილეთ გაგრძელება