გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

ბზობის დღესასწაულის მოახლოების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებენ სამინისტროში.