შტატ ნიუ-ჯერსის სასამართლოში გერმანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელ კომპანია BMW AG-ს წინააღმდეგ სარჩელი შევიდა, რომელშიც ავტომწარმოებელს ბრალს დებენ დიზელის ძრავიანი ავტომობილების მონაცემების გაყალბებაში.
როგორც მოსარჩელე საადვოკატო კომპანია Hagens Berman აცხადებს, დარღვევები ეხება ათიათასობით დიზელის ძრავიან ავტომობილს.
ადვოკატები BMW-ს ბრალს დებენ Robert Bosch GmbH-სა და Robert Bosch LLC-თან გარიგებაში, რომლის შედეგადაც, როგორც ისინი ამტკიცებენ, შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლეოდა დაემალა რეალური მონაცემები გამონაბოლქვში მავნებელი ელემენტების შემცველობაზე ჩატარებული ტესტირების დროს.
როგორც Deutsche Welle წერს, ამ გზით მოატყუეს კონკრეტული ავტომობილების BMW X5-სა და 335d-ს მძღოლები, რომლებიც BMW-მ დაარწმუნა, რომ მათი გამონაბოლქვი არ იყო გარემოსთვის საზიანო. ადვოკატების განცხადებით, ამ ავტომობილების შემძენებმა ფინანსური კომპენსაცია უნდა მიიღონ.
ჯერ კიდევ თებერვალში BMW-მ სატრანსპორტო საკითხების ფედერალურ სამმართველოს შეატყობინა, რომ დეფექტის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა დამონტაჟდა დაახლოებით 11 ათას ავტომობილზე. მათივე განმარტებით, ეს მოხდა შემთხვევით და არა გამიზნულად.
უფრო ადრე კი მსგავსი სარჩელი Hagens Berman-მა შეიტანა სხვა ავტომწარმოებლების წინააღმდეგ. მონაცემთა მანიპულირებაში ადვოკატებმა კომპანიები - Daimler, Fiat Chrysler, Ford და General Motors ამხილეს.
კოკა კვირკველია