სხვადასხვა პროდუქციის გასაყიდად თბილისში კონკრეტული ადგილების გამოყოფა იგეგმება. ამის შესახებ, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქციის ჩამონათვალში შევა მათ შორის „ფრეშ წვენის“ ჩამოსასხმელი აპარატები, გაზეთები, წიგნები და ყვავილები, რომლითაც ვაჭრობა დღეს დედაქალაქის ქუჩებში ხდება. როგორც ბაგრატიონმა აღნიშნა, მერიას ამ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და ლოკაციების გამოყოფის შემდეგ კონკრეტული ჩამონათვალიც გაკეთდება თუ რა პროდუქტების გაყიდვა/წარმოება იქნება შესაძლებელი კონკრეტულ ადგილებში.
„ტურისტულ ზონებში ე.წ. ფრეშ წვენის ჩამოსასხმელი აპარატები ძალიან მომრავლდა. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. სამუშაო ჯგუფია შექმნილი, სადაც გამგეობების, ქონების მართვის, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები არიან ჩართული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოხდება, პროექტზე ჩამოყალიბებული ვართ. სამუშაოების შედეგად, დედაქალაქში გარკვეული ლოკაციები გამოიყოფა, სადაც სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. აქ შევა გაზეთები, წიგნები, ყვავილები, რომლებიც ქალაქში იყიდება. ადგილების გამოყოფის შემდეგ, ჩამონათვალიც გაკეთდება თუ რა პროდუქტის გაყიდვა/წარმოება იქნება შესაძლებელი იმ კონკრეტულ ლოკაციაზე,“-აღნიშნა ბაგრატიონმა.
მისივე თქმით, გარკვეული რეგულაციები იცვლება თამბაქოს ჯიხურების მიმართაც. კერძოდ, როგორც ბაგრატიონმა აღნიშნა, ამ საკითხზე მერიის ქონების მართვის სამსახური მუშაობს.