ბრიტანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი კომპანია Jaguar Land Rover (JLR) და კომპანია Waymo, რომელიც Alphabet-ის ჰოლდინგში შედის Google-თან ერთად, შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად დაიწყებენ მუშაობას მსოფლიოში პირველ უპილოტო პრემიუმ კლასის ელექტრომობილზე.
ავტომობილ Jaguar I-PACE-ის ტესტირება, რომელიც იქნება Waymo-ს მიერ შექმნილი უპილოტო ტექნოლოგიით აღჭურვილი, მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საგზაო ტესტირება და გარემოს ანალიზი კომპანიის ინჟინრებს საშუალებას მისცემს დახვეწონ ტექნოლოგია და უზრუნველყონ უსაფრთხოება. გეგმის თანახმად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდება სულ ცოტა 20 ათასი ასეთი ტიპის ავტომობილის გამოშვება.
I-PACE ეს არის პირველი სრულიად ელექტროძრავიანი კროსოვერი Jaguar-ის სამოდელო გამაში, მისი მსოფლიო პრემიერა რამდენიმე კვირის წინ ჟენევაში გაიმართა.
Waymo კი მიმდინარე წელს აპირებს აამუშავოს, მსოფლიოში პირველი უპილოტო ტაქსის სერვისი. როგორც მოსალოდნელია, I-PACE-ის ელექტრომობილები ამ სისტემაში 2020 წლიდან გამოჩნდებიან.
Jaguar I-PACE-სა და Waymo-ს ერთობლივი პროექტის პრემიერა კვირის ბოლოს ნიუ-იორკის ავტოშოუზე გაიმართება.
კოკა კვირკველია