პროკურატურა 7 თანამდებობის მქონე პირის საქმეს სწავლობს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თამარ ტატანაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია, 2017 წელს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე.
„2017 წელს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურომ 287 თანამდებობრივი პირის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. აქედან 224 შემთხვევაში კი უარყოფითი დასკვნა იყო და პირები დაჯარიმდნენ. მეტიც, 7 შემთხვევა პროკურატურას გადაეცა, რადგან ბიურომ მიიჩნია, რომ იქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო.
როგორც პროკურატურიდან დღეს მიღებულ წერილშია აღნიშნული, 7-ვე შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, მეტი ინფორმაცია, თუ ვის მიმართ ან რა დარღვევის გამო მიმდინარეობს გამოძიება, პროკურატურამ არ მოგვაწოდა,“-აღნიშნა ტატანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების დროს უარყოფითად შეფასების საფუძველი შემდეგი ძირითადი დარღვევები გახდა: შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში); დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს და ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არდაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად და ა.შ.
ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.