მსოფლიოში უდიდესი „ტროპიკული კურორტი“ საფრანგეთში აშენდება (+ფოტო)

ჩრდილოეთ საფრანგეთი ძალიან შორსაა ჩვენი პლანეტის ტროპიკული ზონიდან. თუმცა მისი მცირე ნაწილი მალე ტროპიკულ კურორტად გადაიქცევა.

ფრანგულმა კომპანია „ქოლდეფაი ენდ ესოსიეტსმა“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც პა დე კალეს მხარეში, მსოფლიოში უდიდესი ერთგუმბათიანი სათბურის ტიპის ტროპიკული კურორტის აშენებას ითვალისწინებს.

პროექტს სახელად „ტროპიკალია“ შეურჩიეს. მისი ფართობი 20 000 კვადრატული მეტრია. გუმბათის მზიდი სტრუქტურა, ალუმინისგან დამზადდება, მის ხარიხებს შორის სივრცეს კი ETFE-ს ბალიშები შეავსებს. ETFE არის პოლიმერ ფლუორინის ბაზაზე დამზადებული პლასტიკი, რომელიც გამჭვირვალეცაა, მტკიცეც და მსუბუქიც.

ცნობისათვის, ეს მასალა გამოყენებულია პეკინის ოლიმპიური წყლის კომპლექსის (ეგრეთ წოდებული წყლის კუბი) და ბევრი სხვა ნაგებობის გარე კონსტრუქციაში. ETFE-ს ბალიშები ჰაერით შეივსება.

პროექტის შესაბამისად, სათბურის ეფექტის წყალობით, გამჭვირვალე ბალიშოვანი გუმბათის ქვეშ, ტემპერატურა მუდმივად 28° C-ის ფარგლებში იქნება. ამისათვის ნაგებობას სავენტილაციო სისტემაც მოემსახურება, რომელიც მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებაზე „იზრუნებს“. ეს სისტემა ჭარბ სითბოს შეინახავს და პერიოდულად, მილსადენით ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებსაც კი მიაწვდის.

„ტროპიკალიას“ შიგნით ნამდვილი ტროპიკული სივრცე იქნება ტბით, ჩანჩქერით, ტროპიკული მცენარეეებით და ფაუნითაც კი. ტბაში თევზი და კუებიც კი იქნება, ჰაერში ტროპიკული ჩიტები იფრენენ. 1 კილომეტრი სიგრძის კურორტს თავისი ბილიკები და ხიდებიც კი ექნება. ამავე სივრცეში განლაგდება სასტუმრო, რესტორანი, გესტჰაუსები, მაღაზიები და სამეცნიერო ლაბორატორიაც კი.

"ტროპიკალიას“ მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს. დასრულება 2021 წელს არის ნავარაუდები. „ქოლდეფაი ენდ ესოსიეტსი“ იმედოვნებს, რომ „ტროპიკალიას“ წლიურად ნახევარი მილიონი სტუმარი ეყოლება.