ნოდარ ხადურმა და SIDA-ს გენდირექტორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურმა დირექტორმა, შარლოტ პეტრი გორნიცკამ საქართველოსა და შვედეთს შორის 2014-2020 წლებისთვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებით: ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება; გაძლიერებული დემოკრატია, ადამიანის უფლებათა პატივისცემის უფრო მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობით მართული უფრო განვითარებული სახელმწიფო, გაუმჯობესებული გარემო, შემცირებული ნეგატიური გავლენა კლიმატზე, გაზრდილი წინაღობა დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გაიმართა საქართველოსა და შვედეთს შორის 2014-2020 წლებისთვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საელჩოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა.

"შვედეთი და მათ შორის SIDA, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია, რომელთანაც ქვეყანას წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს", - განმარტავენ უწყებაში.