ახალი თანამშრომლების დაქირავების მცდელობას თან რიგი პრობლემები ახლავს.
კერძოდ, როგორც ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი, პრობლემებს წააწყდა საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა - 92%, რომლებსაც ვაკანტური პოზიციების შევსება უცდიათ.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი პრობლემაა კვების პროდუქტების მწარმოებელი პროფესიების მუშაკებისა და „ლურჯ საყელოიან“ სამუშაო ძალის დაქირავებისას, ხოლო ნაკლები პრობლემები დაფიქსირდა „თეთრსაყელოიანების“ დაქირავების მცდელობისას.
„უფრო ზუსტად, პრობლემები დაფიქსირდა ისეთ პროფესიულ ჯგუფებზე, როგორებიცაა: მოდელები, გამყიდველები და საქონლის დემონსტრატორები (8.5%), საფინანსო და გაყიდვების სფეროს დამხმარე პერსონალი (6.7%), საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერები საბითუმო და საცალო ვაჭრობაში (5.9%), კლიენტების ინფორმირებით დაკავებული მოსამსახურეები (5.6%), ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკები (5.5%), მოლარეები და მონათესავე სპეციალობების მოსამსახურეები (4.6%), ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები (4.2%), დირექტორები და მთავარი ხელმძღვანელი პირები (3.2%), საზოგადოებრივი და მონათესავე მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები (3.1%), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სპეციალისტ-პროფესიონალები (2.7%), მძღოლები და მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორები (2.2%), შინამოსამსახურეები და დალაგებითა და რეცხვით დაკავებული პირები (2%) და სხვა,“-აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშახელის დასაქმებისას წარმოქმნილი პრობლემები თბილისში უფრო მეტად პრობლემურია, ვიდრე სხვა დანარჩენ რეგიონებში.
ანგარიშის მიხედვით, ვაკანსიის შევსებისას ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად - აპლიკანტების არაკვალიფიციურობა (36.5%), არასაკმარისი ანაზღაურება (23.6%) და გამოცდილების ნაკლებობა (22.1%) დასახელდა. თუმცა, ასევე პრობლემურია თავად აპლიკანტების რაოდენობის ნაკლებობაც (13.6%).
„კვლევის თანახმად, სათანადო კადრის შერჩევა ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 30%-ის ცნობით, საბითუმო და საცალო ვაჭრობაშია პრობლემური. 11.3%-ის თქმით ტურიზმის; 11%-ის აზრით დამამუშავებელი მრეწველობის, 9.6%-ის შეფასებით - მშენებლობის, ხოლო 8.8%-ის თმით კადრების შერჩევა ტრანსპორტის სექტორშია პრობლემური.
„ასევე პრომლემები ექმნებათ საწარმოებს კადრების არჩევისას ჯანდაცვის (4.8%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3.5%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (3.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების (3.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა (3.1%) და სხვა ეკონომიკურ სექტორებში,“- ვკითხულობთ კვლევაში.