"გენგეგმასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება"

ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელოშვილის თქმით, მერია დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხდებს.

”ჩვენ ჩვენი პოზიციები არაერთხელ დავაფიქსირეთ სხვადასხვა მიმართულებით. კომუნიკაცია “ სითი ინსტიტუტთან” მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. მათი დღევანდელი პრეზენტაცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ჩვენ იმიტომ ვატარებთ საჯარო შეხვედრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ საბოლოოდ, მაქსიმალურად დარწმუნებულები ვიყოთ. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული. ჩვენ ვსვამთ კითხვებს რამდენიმე მიმართულებით, რამდენად გამოყენებადია ის დღეს იმ ფორმით, რაც არის, თუნდაც იურიდიულად. როდესაც ვერ ვხედავთ, რომ საკუთრების უფლება არ არის სიღრმისეულად გაანალიზებული, რამდენად გამოყენებადია და რა რისკებს შეიცავს მისი ადაპტირება და მეორე ჩვენთვის საინტერესოა ასევე იმ კონცეფციის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით, თუ რა კვლევებზე იყო დაფუძნებით მათ მიერ შემოთავაზებული პროექტები", - განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პროექტის განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს კიდევ ერთხელ აცნობს. სპეციალისტები საუბრობენ გენგეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, ქალაქში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და იმ შეთავაზებებზე, რომელიც 1200-გვერდიან დოკუმენტშია მოცემული.

შეგახსენებთ, რომ გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთიდაიგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა. 26 თებერვლიდან კი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას თბილისის მერიის მიერ მოწვეული ექსპერტები სწავლობდნენ.