თელავს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 24-საათიან წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.

„ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

პროექტი ითვალისწინებს 6 ახალი ჭაბურღილის მშენებლობასა და 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. ასევე, დაგეგმილია 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა.

საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) „ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.