ფრანგული Renault SA და იაპონური Nissan Motor Corporation მოლაპარაკებებს აწარმოებენ შერწყმაზე, რათა შეიქმნას სრულიად ახალი კომპანია, რომელიც საფონდო ბირჟებზე წარსდგება ერთიანი აქციებით.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, შედეგად ამჟამინდელი სტრატეგიული ალიანსი გარდაიქმნება ერთიან კორპორაციად. დღეისათვის კომპანია Renault იაპონური კომპანიის აქციების 43%-ის მფლობელია, ხოლო იაპონელები ფრანგულ კომპანიაში 15%-იან წილს ფლობენ. ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა კარლოს გონი. წყაროს ინფორმაციით, სწორედ გონი აწარმოებს მოლაპარაკებებს შერწყმაზე და აპირებს ახალი კომპანიის სათავეში მოსვლას. ამასთან, ახალ კომპანიას შეეძლება სათავო ოფისების როგორც იაპონიაში, ასევე საფრანგეთში განთავსება.
ექსპერტების ვარაუდით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შერწყმა მოხდება, შესაძლოა, ამან პრობლემები გამოიწვიოს, ვინაიდან ამ დროისთვის ფრანგულ ავტომწარმოებელში 15%-იან წილს ფლობს სახელმწიფო, რომელიც სავარაუდოდ „დიდი სიხარულით“ არ დათმობს თავის წილს. გარდა ამისა, როგორც ფრანგულმა, ასევე იაპონურმა სახელმწიფომ უნდა მისცეს ნება ამ ორ კომპანიას შერწყმისთვის, შესაბამისად, ორივე მათგანს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ექნება. შესაბამისად, მოლაპარაკებები, რომელიც ფარულად უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, შესაძლოა, წარუმატებლად დასრულდეს.
კომპანია Renault-ს საბაზრო ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა და 27,7 მილიარდი ევრო შეადგინა (43 მილიარდი დოლარი), მაშინ როცა Nissan-ის კაპიტალიზაცია 2%-ით შემცირდა, 4,6 ტრილიონ იენამდე (43 მილიარდ დოლარამდე).
კოკა კვირკველია