ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს ტოვებს. მის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის სამუშაო გამოცდილებას, 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია Georgian Air -ის კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან კი კანცელარიის უფროსად დაინიშნა.
ცნობისთვის, ცქიტიშვილი ერთ-ერთი იმ მოხელეთაგანია, რომელსაც მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა. კერძოდ, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1-ელ იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი შეადგინა. მაშინ როცა, ანალოგიურ პერიოდში პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალი 51 369,57 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს მთავრობის კაბინეტის ახალი წევრი მაია ცქიტიშვილი. 2018 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.
დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 582,17 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. ამასთან, ფლობს შპს “თბილისის კომერციული ქონების“ 75%-იან წილს. დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ცქიტიშვილის შემოსავალმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე 94 500 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ქონების გადასახადის სახით ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს 3 299,19 ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მაია ცქიტიშვილის მეუღლე დავით ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯიათრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ,,საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 10,997.47 დოლარი, 11924,19 ლარი და 523,58 გირვანქა სტერლინგი; საკრედიტოზე 29951,92 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 15 000 დოლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ხატიაშვილი შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ 100%-იანი წილის მფლობელია; რომლის საქმიანობითაც მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 56 652,62ლარი შეადგინა; ის ფლობს ასევე შპს „მიკროკლიმატის“ 75%-იან წილს, რომლის საქმიანობითაც - 163 811,25 ლარის შემოსავალი მიიღო; ხოლო „სს ჯორჯიათრეიდის“ საქმიანობით წინა წელს მისი შემოსავალი 62 847,71 ლარი იყო. ხატიაშვილი ასევე იკავებდა შპს „თბილისის კომერციული ქონების“ დირექტორის პოსტს. დეკლარაციის მიხედვით, ის არის ასევე შპს „ბილდინგის“ დირექტორი და შპს „სავაჭრო ცენტრის“ 75%-იანი წილის მფლობელი.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში რამდენიმე სესხი ჰქონდა. კერძოდ, ოვერდრაფტი - 5000 დოლარის ოდენობით, რომლის გასავალმაც 788,85 დოლარი შეადგინა. ასევე დახურა 331,500 დოლარის ოდენობის სესხები, ჰქონდა 1 220 დოლარის სამომხმარებლო სესხი; ასევე მის სახელზე ფიქსირდება 207 064 დოლარის ოდენობის სესხის გაცემა (გადახურვა); მანვე გაყიდა საკუთარი წილი შპს "ქართული კვერცხში“, ხელშეკრულებით მიღებულმა შემოსავალმა კი 67 600 ლარი შეადგინა; ამასთან, ხატიაშვილს გაცემული აქვს 206 197,84 დოლარისა და 10 000 დოლარის სესხი; აქვს 5000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი და 6 600 დოლარის ოვერდრაფტი.
თაია არდოტელი