ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რომელიც 50 კილომეტრი სიგრძის იქნება, ე.წ. გადაკიდებული აივნების ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ახალი გზის მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში დაიწყება.
„ქუთაისი-აბასთუმნის მიმართულებით ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები კი სავარაუდოდ, მაისში დაიწყება. პროექტის საბოლოო დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. ახალი გზის საშუალებით ქუთაისიდან აბასთუმანში ჩასვლას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება“, - აღნიშნავს სეთურიძე.
მისი თქმით, ახალი გზა უნიკალურ ზეკარის ხეობაში გაივლის, ტყის შენარჩუნების მიზნით კი, გზებს სპეციალური სისტემით დააგებენ.
„წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთის გავლის შემდეგ შევდივართ ზეკარის ხეობაში, სადაც არსებულ გზას მივუყვებით, ანუ მარშრუტს არ ვცვლით და არსებული გზის რეაბილიტაცია მოხდება. შემდეგ უკვე გარკვეულ სიმაღლზე, დაახლოებით 3 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, რომლის დაპროექტებაც მიმდინარეობს. ეს კეთდება იმისთვის, რომ გზამ 12 თვის განმავლობაში შეზღუდვის გარეშე იფუნქციონიროს. ყველა ის პარამეტრი, რომელიც გზას სჭირდება დაცული იქნება, მაგრამ მიღებული იქნება მაქსიმალურად შემარბილებელი ზომები, რომ იქ ხეების დამატებითი ჭრები არ დაგვჭირდეს. ამის ნაცვლად, გვექნება ე.წ. გადაკიდებული აივნები“, - აცხადებს სეთურიძე.
მისივე თქმით, „გადაკიდებული აივნებით“ აშენებული გზები უკვე არის დარიალის ხეობაში, თუმცა წლების წინ აშენდა. ამ შემთხვევაში კი გზების თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობა იგეგმება: „ჩვენი უმთავრესია მიზანია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ბუნება მაქსიმალურად დავიცვათ და მას ნაკლები ზიანი მიადგეს.“
ამასთან, გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, ბაღდათი-აბასთუმანის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოებს სს „ინსტიტუტი IGH, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ასრულებს. მშენებელ კომპანიას კი ტენდერი გამოავლენს, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზუსტი თანხის ოდენობაც, რაც გზის მშენებლობისთვის დაიხარჯება.
თეონა კენჭიაშვილი