მინდობით აღმზრდელი ოჯახების ნაწილს დაფინანსება ეზრდებათ - „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან, სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, 450 ლარის ნაცვლად მათი მეურვეები ყოველთვიურად 600 ლარს აიღებენ. ამის შესახებ ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შევიდა. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც მინდობით აღზრდაში აყვანილი ჰყავთ ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც შშმ სტატუსი არ გააჩნია.

მთავრობის 142-ე დადგენილების თანახმად, ეს ოჯახები იმდენივე თანხას მიიღებენ, რასაც შშმ სტატუსის მქონე ბავშვის მინდობით აღმზრდელები იღებენ, ანუ დღეში 20 ლარს. დღემდე ამ ოჯახებს სახელმწიფო ჯანმრთელი ბავშვისთვის განკუთვნილ თანხას - დღეში 15 ლარს უხდიდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. სწორედ ამ კანონმა შემოიტანა ახალი სტატუსი - განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი. ამ კატეგორიაში შედიან ჯანმრთელობის და ქცევითი პრობლემების მქონე მოზარდები, მაგალითად, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არაორგანული ენურეზის, არაორგანული ენკოპრეზის, მუკოვისციდოზის და სხვა პრობლემების მქონე ბავშვები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების მიზანია, ოჯახებმა უკეთ იზრუნონ მინდობით აღზრდაში მყოფ, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვზე, რადგან ასეთი ბავშვების მოვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სტატისტიკის მიხედვით, საქართელოში მინდობით აღზრდაში 1474 ბავშვია, საიდანაც 219 შშმ სტატუსის მქონეა. განსხვავებული საჭიროების მოზარდი კი 40-მდეა.

ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ის ბიოლოგიური ოჯახები, რომლებიც ბავშვებს დაიბრუნებენ სახელმწიფო ზრუნვიდან (რეინტეგრაცია), მათაც ეხებათ მომატებული თანხის გადახდა (შშმ და განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში).

ამასთან, დადგენილების თანახმად, ცვლილება 2018 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.