Tesla 120 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

Tesla Motors-ი 123 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. საუბარია მოდელზე Model S, რომლის ერთ-ერთი დეტალი, საჭესთან განთავსებული ერთი ჭანჭიკი, შესაძლოა, სწრაფადჟანგვადი აღმოჩნდეს.

როგორც CNBC წერს, აღნიშნულის შესახებ ავტომფლობელებს წერილები უკვე მიუვიდათ. უფრო კონკრეტულად კი გაწვევა შეეხება მხოლოდ 2016 წლის აპრილამდე გამოსულ ავტომობილებს.

საუბარია, საჭესთან არსებული ჭანჭიკის შეცვლაზე, რომელიც კვანძთან მდებარეობს და შესაძლოა, მაღალი კოროზიული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კი ცივი კლიმატის პირობებში, რა დროსაც გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში Tesla-მ ნებაყოფლობით გაწვევაზეც გამოაცხადა, რა დროსაც საუბარი იყო 11 ათას Model X-ზე. ამ დროს საქმე ეხებოდა კაბელების არასწორ განლაგებას ავტომობილის მარცხენა დასაჯდომის ზურგზე, რომელსაც ავტოავარიის შემთხვევაში შესაძლოა, შეექმნა პრობლემა.

კოკა კვირკველია