კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ მორიგი სასტუმრო „რადისონ ბლუ წინანდალი“ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის აქტიური სამშენებლო სამუშაობი მიმდინარეობს.
„სატუმროს ექნება 100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, ბიბლიოთეკა, ღვინის ქარხანა, აუზი და ფიტნეს კლუბი. სასტუმროს ოპერირებას „რადისონი“ გაუწევს. მისი გახსნა 2018 წლის შემოდგომაზე იგეგმება“, - აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია. პროექტის მთლიანი ფართი დაახლოებით 18 000 კვ.მ.-ია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ წინანდლის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით მოხდება. თბილისიდან წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმამდე 104 კმ-ია, რაც 1სთ. და 50წთ. მგზავრობას უდრის.
წინანდლის „რადისონი“ თბილისისა და ბათუმის შემდეგ „რადისონის“ ბრენდის მესამე სასტუმრო იქნება საქართველოში, კახეთისთვის კი პირველი ბრენდირებული მაღალი კლასის სასტუმრო.
თეონა კენჭიაშვილი