საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ოპოზიციამ გენგეგმის დაცვა ისე დაიწყო, რომ დოკუმენტს არ გაცნობია

საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ოპოზიციამ გენგეგმის დაცვა ისე დაიწყო,რომ დოკუმენტს არ გაცნობია, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, მმართველი გუნდი გენგეგმის საჯარო განხილვებზე კონსტრუქციული იყო, ხოლო ოპოზიცია დებოშის მოწყობას შეეცადა. დეპუტატის განცხადებით, 29 მარტს გამართულ საჯარო განხილვაზე ბევრ სპეციალისტს ჰქონდა იგივე შეკითხვები, რაც თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს.

„ჩვენი ვალდებულებაა კითხვების დასმა და როდესაც საუბარია ისეთი დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს ეხება, არ შეიძლება ის ისე მივიღოთ, რომ ყველა კრიტიკული კითხვა არ დავსვათ და არ ვეცადოთ, ეს დოკუმენტი სრულყოფილი იყოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, გენგეგმის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიცია გენგეგმას არ იცნობს, რადგან მათ არც ერთი კონკრეტული შენიშვნა დოკუმენტთან დაკავშირებით არ ჰქონდათ. თბილისის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ მოახერხეს, რომ გენგეგმის განხილვა საქმიან ფორმატში წარმართულიყო. რევაზ სოხაძის განმარტებით, გენგეგმა არ არის რაღაც განყენებული დოკუმენტი. გენგეგმით უნდა დადგინდეს, ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქში უძრავ ქონებას ფლობენ, ექნებათ თუ არა, ამ საკუთრებაში განვითარების საშუალება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და მის განხილვას პოლიტიკური მდგენელი უნდა გამოეცალოს, რათა დოკუმენტის განხილვა საქმიან რეჟიმში წარიმართოს. დეპუტატის თქმით, შემაჯამებელი შენიშვნები გაჩნდა მას შემდეგ, რაც პროდუქტმა საბოლოო სახე მიიღო.

„ქალაქის მერიამ საჯარო მსჯელობაზე გამოიტანა ის კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დიდი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. შენიშვნები არის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, როგორიც არის ზონირება და ყველას კარგად გვესმის, რომ ზონირება ფაქტობრივად გენგეგმის ქვაკუთხედია“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი გენგეგმაზე მსჯელობის საკითხში ძალიან ფრთხილია, რათა შემუშავდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც სტაბილური და მდგრადი განვითარების საფუძვლებს შექმნის.

განცხადებები ასევე გააკეთეს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ.

ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს გენგეგმა მიიღოს არა უბრალოდ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი იყოს მიღებული, არამედ იმისთვის, რომ დოკუმენტი იმ გამოწვევებს პასუხობდეს, რაც დედაქალაქში არსებობს. ამას მოწმობს „სითი ინსტიტუტისთვის“ მიცემული დამატებითი 45-დღიანი ვადა და კონკრეტული, არგუმენტირებული კითხვები.

ოთარ გრიგოლიას თქმით კი, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს გენგეგმასთან დაკავშირებით, რაც დეპუტატის თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია დოკუმენტს არც კი გაცნობია, ისე დაიწყო მისი დაცვა.