დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა კიბერშეტევა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ტელევიზიები, რადიო, გაზეთები, ინტერნეტი ჩვენ გაყალბებული ახალი ამბებით (Fake News) გვკვებავს. საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, უამრავი კონფერენცია, სემინარი და შეხვედრა იმართება. თუმცა, ბოლო გამოკითხვის შედეგების ფონზე, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე ნატოს წევრია, ხოლო 41% დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალა აშშ-ს სამხედრო ძალაზე მეტია, აშკარაა, რომ ეს შეხვედრები და სემინარები ჩვენს მოსახლეობას საკმარისად ვერ ეხმარება. უფრო მეტიც, ანტიდასავლურ განწყობას ყველაზე მეტად დიასპორების წარმომომადგენლები უჭერენ მხარს, რომლებიც ინფორმაციას ქართულ ენაზე ვერ იღებენ, სამაგიეროდ პირდაპირ იღებენ დეზინფორმაციას რუსული მედიასაშუალებებიდან.
ახერხებენ თუ არა ჩვენი მედიასაშუალებები, წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყნისთვის ისეთ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც რუსული საინფორმაციო ომია, თუ მათთვის პოლიტიკური პარტიების სკანდალები და რეიტინგების დევნა უფრო მნიშვნელოვანია? რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ და რა გზები გამოიყენება ამისთვის -
გთავაზობთ GAA Holding-ის მიერ დაარსებული ტელევიზიის STV-ს გენერალური პროდიუსერის, ეგორ კუროპტევის ინტერვიუს.
- ბოლო ორი წლის განმავლობაში "STV"-ს ეთერში პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს ევროინტეგრნაციის ხელშემწყობი პროექტების მთელი სერია გამოჩნდა. გადაცემები თქვენს ეთერში ქართულ და ასევე, რუსულ ენაზეც გადის. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება და რამდენად ეფექტურად ახერხებთ დეზინფორმაციის პრობლემის გადაჭრას თქვენი მედიის საშუალებით?
- ჩვენი ტელეკომპანია, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს, ბოლო 2 წელია აქტიურად უწევს წინააღმდეგობას პროპაგანდას და როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ აუდიტორიას ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის ოკუპაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი მიმდინარეობის შესახებ როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე. ეს ჩვენი ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.
STV-ს ეთერში, რომელიც მედიაჯგუფ "სტარვიზიის" ნაწილია, ყოველკვირეულად გადის გადაცემები „აქტუალური თემა“, „საერთაშორისო მიმოხილვა“, „ განსაკუთრებული თვალსაზრისი“. ამ გადაცემებში ჩვენი ჟურნალისტები, ავტორიტეტულ სტუმრებთან ერთად, იხილავენ ოკუპაციის პრობლემებს, ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ თემებთან დაკავშირებულ ახალ ამბებს და გაყალბებულ ნიუსებს, რომლებსაც რუსული მხარე მუდმივად ავრცელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომელთაც მუდმივი ყურადღება სჭირდება და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და „ცხელი ახალი ამბავია“. ამ თემებს მრავალმხრივი გაშუქება სჭირდება. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილია ოკუპირებული, ადამიანები იკარგებიან, რამდენიმე მკვლელობას ჰქონდა ადგილი და არავინ დასჯილა. აქცენტები ამ პრობლემებზე არ უნდა შესუსტდეს და აუდიტორიას ინფორმაციის გამჭვირვალედ მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს. ეს ხომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია.“
- პირველად საქართველოში თქვენს ეთერში გადის რამდენიმე სპეცპროექტი რუსულ ენაზე, რომელთაც საკმაოდ სერიოზული წარმატება აქვთ. ამ გადაცემებში მონაწილეობენ ნატოს ხელმძღვანელები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წევრები და ექსპერტები. რატომ დაიწყეთ რუსულენოვანი პროექტები, ვისზეა გათვლილი და ახერხებთ თუ არა რეალურად წინააღმდეგობა გაუწიოთ უზარმაზარ პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც რუსეთიდან სხვადასხვა წყაროების მეშვეობით იმართება?
- რუსულენოვანი პროექტების დაწყების იდეა კომპანიის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბატონ გია ალიხანაშვილს ეკუთვნის. მისთვის ეს, პირველ რიგში, გარკვეული ვალდებულებაა სამშობლოს წინაშე, რადგან ასეთი გადაცემები არ არის და ვერც იქნება კომერციული. ეს ბიზნესი არ არის, ეს პასუხისმგებლობაა. სწორედ გააჰოლდინგის დამფუძნებლის დამსახურებით გვაქვს აბსოლუტურად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ დავიწყეთ რუსულენოვანი პორექტები, რათა შეგვექმნა იმ გაყალბებული ახალი ამბების (Fake news) ობიექტული ალტერნატივა, რომელთაც „დიდი მეზობელი“ საინფორმაციო სივრცეში გამოტყორცნის საქართველოს განვითარების შესაფერხებლად და მის საბჭოთა წარსულში დასაბრუნებლად. ქვეყნის დიდი ნაწილი რუსულენოვან არხებს უყურებს და რუსულენოვან ვებსაიტებს კითხულობს. სხვადასხვა დიასპორების წარმომადგენლებმა, უმეტესწილად, არ იციან ქართული. ეს გამოწვევაა, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო. სწორედ ისინი, ვინც კარგად არ იციან ქართული ენა, ყველაზე ხშირად აცხადებენ, რომ საქართველო უკვე არის ნატოს წევრი ან რუსული სამხედრო ძლიერება ამერიკისაზე მეტია, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 10-ჯერ აღემატება რუსეთისას. რა თქმა უნდა, ინტერნეტისა და თანამგზავრების ეპოქაში ეს ასევე არის ობიექტური ინფორმაცია საქართველოდან, ინფორმაცია მის საგარეო პოლიტიკაზე რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, თავად რუსეთისთვისაც. ჩვენ რეგიონის რუსულენოვან მოსახლეობამდე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და მსოფლიოს რუსულენოვან მოსახლეობამდე მიგვაქვს სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებზე, ადამიანების გატაცებებზე, საქართველოს მიწებზე რუსი სამხედროების წვრთნებზე.
რა თქმა უნდა, უარვყოფთ იმ საშინელ ზღაპრებს, რომელსაც კრემლი ყვება საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირთან ან ნატოსთან ურთიერთობების შესახებ. ჩვენი ინტერვიუების ციტირება სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებში, ჩვენი პროექტების ყურებადობა - თავისთავად მეტყველებს ამ პროექტებზე. დიახ, პროექტები მუშაობს, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა განვითარება და მეტი მუშაობა საჭირო გავრცელებაზე. ჩვენ ყველაფერს ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ, ამიტომ, რესურსი და შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს ყველაფერი აგრეთვე ხელმისაწვდომია ჩვენი ინტერნეტ აპლიკაციით, სახელად "starvision" – რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ნებისმიერ სმარტფონში . უფასოდ მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში.
- ტელეკომპანია "STV" ჰოლდინგ "Deutsche Welle"-ს პარტნიორია. რას გულისხმობს კონკრეტულად თანამშრომლობა და კონკრეტულად რა პროექტები გადის თქვენს ეთერში რუსულ ენაზე?
- ტელეკომპანია "STV"-ს ანალიტიკური პროექტი „ სასაზღვრო ზონა“ რუსულ ენაზე უკვე ერთი წელია იქცევს მაყურებლის ყურადღებას, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე რეგიონის ყველა ქვეყანაში. გადაცემაში ირონიული ფორმით არის ნაჩვენები პროპაგადისა და ფაქტების შეუთავსებლობა, წარმოდგენილია ავტორიტეტული სტუმრების მოსაზრებები. მინისტრები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ნატოს, აშშ-ს, ევროკავშირის წარმომადგენლები - რუსულ ენაზე პასუხობენ ურთულეს კითხვებს. მეორე რუსულენოვანი პროექტი "STV"-ზე „დიდი თამაში“ - პირველი რეგიონული ანალიტიკური თოქ-შოუა, რომელშიც მსოფლიოს მთავარ მოვლენებსა და სამხრეთ კავკავსიაში მათ გავლენაზე ყოველკვირეულად მსჯელობენ ექსპერტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.
დიახ, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, "STV"-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა მსხვილი საერთაშორისო მედიაჰოლდინგი "Deutsche Welle". ამ პარტნიორობის საფუძველზე, ყოველ დღე "STV"-ს ეთერში შესაძლებელია გადაცემების ნახვა, რომლებიც მოგვითხრობს ევროპაში ცხოვრების შესახებ, ბიზნესის, კულტურისა და პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს გადაცემები რუსულენოვანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს - ევროინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით- ქართულ ენაზე ვთარგმნით. ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს "Deutsche Welle"-ს ახალი პროექტი „პოლიტნაკრძალი“ - სატირულ-ანიმაციური სერიალი რუსულ პოლიტიკაზე, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟები იუმორისტული ფორმით ყვებიან უახლეს ზღაპრებს კრემლიდან. ამ მულტფილმის ქართულ ვერსიას აწარმოებს და ავრცელებს საქართველოში მხოლოდ ტელეკომპანია "STV".
- ჩვენ ვნახეთ ეს სერიები. სააკაშვილის ბრძოლები პოროშენკოსთან, პუტინი ჰარი პოტერის როლში - ეს ძალიან მაგარი იყო. პრემიერა 2017 წლის ნოემბერში შედგა. როგორ მიდის პროექტი, რაში მდგომარეობს მისი ამოცანა და რამდენად ართმევს ის ამას თავს?
- სხვადასხვა ქვეყანაში მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ, ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ პროექტი მეორე სეზონითაც გაეგრძელებინათ. მეორე - ახალი სეზონი- ახლახან დაიწყო და უკვე ძალიან პოპულარული გახდა. სერიები იყოფა ციტატებად და თემებად. თუ პირველ სეზონში ავტორები მხოლოდ სწორ მიდგომებს ეძებდნენ და სიჩქარეს კრეფდნენ, მეორე სეზონს უპირობოდ ბომბის ეფექტი ჰქონდა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ისეთმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა მედიაჰოლდინგმა, როგორიცაა "Deutsche Welle", სწორედ "STV" შეარჩია თავის პარტნიორად საქართველოში; ჩვენი პროექტები ჩვენი კონცეფციაა: ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და გაყალბებული ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. საერთოდ, პოლიტიკაზე ან უნდა იცინო, ან - იტირო. ჩვენ მიგვაჩნია, ყველაფერს ჯობია, გაიცინო.
- როდის შეიძლება პროექტის ნახვა?
- ტელეკომპანია "STV" ჩართულია ეროვნულ მულტიპლექსში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მისი ყურება ასევე შესაძლებელია ძირითად საკაბელო ქსელებში. რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობს ციფრული ვერსიაც -starvision - ფეისბუქი და youtube ძალიან პოპულარულია. „პოლიტნაკრძალი“ და ყველა სხვა პროექტი თავიდან ტელეეთერში და ფეისბუქ-ლაივში გადის, მეორე დღეს კი იტვირთება ინტერნეტში ადგილობრივი და რეგიონული აუდიტორიისთვის. „პოლიტნაკრძალის“ ნახვა შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 21:15-ზე. ძალიან სასაცილოა. გარანტიას გაძლევთ.
- გასაგებია, შევხედავთ. რამდენად აქტიურად უჭერს მხარს თქვენს საქმიანობას ხელისუფლება, ან საერთაშორისო პარტნიორები?
- შესაბამისი სამინისტროებიც და პარტნიორებიც საქართველოში: აშშ, ევროკავშირი, ნატო - ძალიან აქტიურად ადევნებენ თვალყურს ჩვენი ტელეკომპანიის მუშაობას. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და შესაბამისი სამინისტროები რეკომენდაციას უწევენ ჩვენი არხის პროექტებს. აშშ-ს საელჩომ საქართველოში კი სწორედ "STV" შეარჩია, საქართველოდან ბაჰრეინში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მედიატურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ჩვენი არხის ჟურნალისტებს, BBC-ს, Deutsche Welle-ს, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯურნალისტებთან ერთად, ასევე ლატვიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ მოქმედი ავიამზიდი "თეოდორ რუზველტი" და პირადად გაცნობოდნენ აშშ-სა და ნატოს ოპერაციებს რეგიონში. ამ ჟურნალისტებმა უკვე ზუსტად იციან, რომ აშშ-ს სამხედრო ძლიერება ცოტათი მაინც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთისა ასე, რომ მხარდაჭერა არის და რასაკვირველია, ეფექტიც არის.“
ადგილობრივი ხელისუფლება კი გვიცნობს და გვაკვირდება, მათგანაც ველოდებით უფრო მეტ მხარდაჭერას, რადგან ერთად ვებრძოლოთ დიდი სიცრუის მანქანას.
(R)