ფოთის პორტი მომსახურებას მკვეთრად აძვირებს

შესაბამისად, გაძვირდება ფოთიდან შემოსული პროდუქტიც...

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 1-ლი ივნისიდან ფოთის პორტში საპორტო-სატერმინალო მომსახურების ტარიფები 40%-ით გაიზრდება. შესაბამისად, გაძვირდება ფოთის პორტიდან შემოსული პროდუქტიც. გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელთა განცხადებით, ვინაიდან ფოთის პორტის მმართველი კომპანია ”ეიპიემ ტერმინალსი” მონოპოლისტია, სახელმწიფო ტარიფების განსაზღვრაში თავად უნდა ერეოდეს.

გადამზიდავ კომპანიებს უკვე დაეგზავნათ შეტყობინება, რომ 1-ლი ივნისიდან საპორტო-სატერმინალო მომსახურების ტარიფები იზრდება.

”ისთ გეით გრუპის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომრის, ირაკლი იაშვილის განცხადებით, ოთხივე მომსახურება ძვირდება, დაახლოებით, 25%-დან 40%-მდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაძვირდება პორტიდან შემოსული პროდუქტიც.

”ეს არის ”ეიპიემის” სურვილი, რომ არსებული მომსახურების ოთხივე ტარიფი გაზარდოს. საგრძნობლად მატულობს გადასახადი - 20-დან 40%-მდე. ეს ჯერჯერობით კომპანიის სურვილია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთვება და ტარიფების მკვეთრი ზრდა არ მოხდება. ჩვენ თავი ავარიდეთ ”ეიპიემის” მონოპოლიას, რომ მხოლოდ მის ტერმინალში მომხდარიყო ტვირთების შესვლა, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით გემიდან ტვირთის გადმოღების მომსახურების გადასახადს”, - ამბობს იაშვილი.

მისი განცხადებით, ვინაიდან ”ეიპიემს” ”გეზ-ის თემა” ვერ გამოუვიდა, ამიტომ საპორტო მომსახურებაზე გადაწყვიტა ტარიფების გაზრდა. სხვათა შორის, გადამზიდავ კომპანიებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ იმისთვის, რომ ”ეიპიემის” სატერმინალო მონოპოლიისთვის თავი აერიდებინათ.

2011 წელს, თავად სახელმწიფომ გააკეთა გეზ-ის ტერმინალი, რომელიც თვითონვე აწარმოებს ოპერაციებს. ეს არის საჯარო სამართლის პირი, რომლის სასარგებლოდაც ზეპირი განკარგულების საფუძველზე კერძო კომპანიებს აეკრძალათ ტვირთების მომსახურება. საზღვრიდან შემოსული ავტომანქანა პირდაპირ მიემართება მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საჯარო სამართლის ობიექტზე და ყველა ოპერაციები იქ ხორციელდება.

ფოთში კი სახელმწიფომ გააკეთა მხოლოდ სერვის ცენტრი გეზ-ის სახით და ამოირჩია კერძო ტერმინალი. ეს არ იყო საჯარო სამართლის პირი, ეს იყო ჩვეულებრივი კერძო სამართლის პირი, კერძო ტერმინალი და მას მისცა მხოლოდ ექსკლუზიური უფლება (ასევე ზეპირი განკარგულებით), რომ ტვირთის გარკვეულ სახეობაზე – მსუბუქ ავტომობილებზე – მხოლოდ მას ექნებოდა მომსახურების უფლება.

მაშინ ხელშეკრულების თანახმად, არაბულმა მხარემ აიღო ვალდებულება, ფოთში აეშენებინა გაფორმების ეკონომიკური ზონა, რის სანაცვლოდაც მთავრობამ არაბებს მსუბუქი ავტომობილების ბაზარი ექსკლუზიურად 5 წლის ვადით გადასცა. წინა ხელისუფლების დროს შემდგარი გარიგების ვადა 2015 წლის აპრილში იწურება, ხოლო ახალი მთავრობა ხელშეკრულებას ვერ აუქმებს.

იაშვილის განცხადებით, ვინაიდან ”ეიპიემ ტერმინალსმა” ნახა, რომ სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არა აქვს მის მონოპოლიურ მდგომარეობაზე, განაცხადა, რომ არა მარტო იმპორტირებული ავტომობილები, არამედ საერთოდ ყველაფერი, რაც კი შემოდის ფოთში, მის ტერმინალში უნდა მოხვედრილიყო.

”ასე ხელოვნურად შეზღუდვა ერთი კომპანიის სასარგებლოდ იმიტომ, რომ მან მიიღოს ზემოგება, არ არის სწორი და არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ვიყოთ კონკურენტულ რეჟიმში და თუ კონკურენციით დაგვამარცხებს ახალი ”ეიპიემ ტერმინალსი”, კი ბატონო, ეს ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა,” - აცხადებდნენ გადამზიდავები.

სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხანგრძლივი გარჩევების შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა, თუმცა როგორც იაშვილმა აღნიშნა, ფოთის მმართველმა შემოსავლის გაზრდის ახალ მეთოდს მიაგნო და საპორტო მომსახურების ტარიფების გაზრდა გადაწყვიტა.

მარიამ ხიდაშელი

წყარო : გაზეთი ”რეზონანსი”