არის თუ არა აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად გამოყვანილი - სეს-ის პასუხი

“როსსელხოზნადზორის” ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულივარაუდი საღ აზრს არის მოკლებულია, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაშია, რაც შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისთვის ცნობილია.

„რუსულ პრესაში “როსსელხოზნადზორის” ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული. აზიური ფაროსანას პრობლემა არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ა.შ. ეს კარგადაა ცნობილი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფაროსანას თემაზე ქართველი ექსპერტები მზად არიან იქონიონ ურთიერთობა მეზობელი სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის სპეციალისტებთან“, - განაცხადა ნიკა მესხიძემ.

„როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის, იულია მელანოს განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი. აღნიშნული განცხადება გაზეთ РГ- ში გამოქვეყნდა.