ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ეკონომიკური ზრდის მხრივ ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას

ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარდა, საქართველო დგას ეკონომიკური ზრდის ახალი ეპოქის ზღურბლზე.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ დიდ პროგრესს მიაღწია თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს შექმნაში და წამოიწყო რეფორმები ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შემდგომი ზრდისათვის.

"გარდა ამისა, ჩვენ გავუმკლავდით კორუფციას. ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლით, ჩვენი ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7.4%. უკვე 2014 წლის მეორე ნახევარში, ჩვენი მოლოდინით, დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრივი განხორციელება, რაც კიდევ უფრო მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია კერძო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაც, რა მიზნითაც ურყევად დაიცავენ საკუთრების უფლებას, გაატარებენ ეფექტურ კანონებს კონკურენციის შესახებ და დააწესებენ კომერციული დავების განხილვის სისტემას, ასევე უზრუნველყოფენ გამარტივებულ საგადასახადო სისტემას და განავითარებენ კაპიტალის ბაზარსა და სხვა ფინანსურ მექანიზმებს.

"მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენს 6.3%-ს. ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან - ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით. იმავე რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპის 43 ქვეყანას შორის. საქართველოში ინვესტიციების გასააქტიურებლად უკვე შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფონდი. დაგეგმილია სხვა ფონდების შექმნაც", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი ორ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორი იძლევა ინვესტირების ჯერ კიდევ გამოუყენებელ პოტენციალს.

"ამჟამად ჩვენი ქვეყანა იყენებს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ს. საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია ყველა მეზობელი ქვეყნის შესაბამის სისტემებთან. 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის 19.7%, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელმა იმავე კატეგორიაში შეადგინა უკვე 20%-ზე მეტი. რაც შეეხება მეორე მძლავრ სექტორს, ტურიზმსა და სასტუმრო ინდუსტრიას, საქართველო ამაყობს ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში. 2012 წელს საქართველოს ეწვია 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც 56%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წელს კი ტურისტების რიცხვი 5.4 მილიონამდე გაიზარდა. მოთხოვნა სასტუმრო ოთახებზე ყოველდღიურად იზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მიწოდება აკმაყოფილებს”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.