ევროპაში 3D-პრინტერით პირველი ბეტონის სახლი შენდება

რაც დრო გადის, ინდუსტრიაში სულ უფრო მეტად იყენებენ სამგანზომილებიანი პრინტერებით დამზადებულ დეტალებს. მალე კი ამ ტექნოლოგიას მშენებლობაშიც დანერგავენ.

3D ტექნოლოგია განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება მაშინ, როცა ადამიანი მარსზე და შესაძლოა, სხვა ციურ სხეულებზეც, ბაზების მშენებლობას დაიწყებს.

ამ მიმართულებით, სერიოზულ ნაბიჯს დგამენ ფირმები „არუპი“ და „CLS არკიტეტი“, რომლებიც 3D-დანადგარით, ევროპაში ბეტონის პირველ შენობას ააგებენ. პროექტით, რომელსაც სახელად „3D ჰაუსინგ 05“ დაარქვეს, მათ ახალი ტექნოლოგიის ეფექტურობის დემონსტრირება სურთ.

შენობის პროტოტიპი მილანის ცენტრალურ სკვერში, პიაცა ჩეზარე ბეკარიას ტერიტორიაზე შენდება/მზადდება. მისი ოფიციალური წარდგენა ავეჯის გამოფენა „სალონე დელ მობილეზე“ შედგება, რომელიც 21-22 აპრილს, მილანში გაიმართება. ნახსენები ორი კომპანიის გარდა, პროექტში ასევე ბეტონის მწარმოებელი იტალიური კომპანიები, „იტალცემენტი“ და „ჩიბე კონსტრაქშენი“ მონაწილეობენ.

ისევე როგორც სხვა პროცესებში, რომლებიც 3D-პრინტერის გამოყენებით მიმდინარეობს, მშენებლობის შემთხვევაშიც, პრინტერიდან ცემენტის ნარევის გაფრქვევა ხდება, რა დროსაც ნარევი ბეტონის შრეებს წარმოქმნის და კედლები „ამოჰყავს“. „3D ჰაუსინგ 05“ დანადგარი რობოტიზებული და მოძრავ პლატფორმას ეყრდნობა, რაც მისი გამოყენების მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც დანადგარი თავის საქმეს დაასრულებს, მშენებლები შენობას გადახურავენ, კარ-ფანჯრებს ჩასვამენ და სხვა სამუშაოებსაც შეასრულებენ. „არუპის“ წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ახალი ტექნოლოგიის საკუთარ ბიზნესში დანერგვას აპირებენ.

„3D ჰაუსინგ 05“ პროექტით, 100 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომელსაც მისაღები, საძინებელი, სამზარეულო და სააბაზანო ოთახები ექნება. შენობის კონსტრუქცია იმასაც ითვალისწინებს, რომ ის ადვილად დასაშლელი იყოს. მილანის ავეჯის კვირეულის დასრულების შემდგ, მას დაშლიან და სხვაგან გადაიტანენ.

პროექტის ავტორები ჯერჯერობით არ ასახელებენ კონკრეტულ ფასებს, რაც ასეთი სახლის მშენებლობა დაჯდება. თუმცა ის ტრადიციული მეთოდებით აგებულ მსგავს სახლზე გაცილებით იაფი დაჯდება. ამის გარანტიას თუნდაც ის ფაქტი იძლევა, რომ პრინტერი თავის საქმეს 48 საათში დაასრულებს. ყველაფერთან ერთად, ამ ტექნოლოგიით მშენებლობას გაცილებით მცირე ნარჩენები ექნება.