Barclays-ი თაღლითური სქემისთვის ამერიკის ხელისუფლებას 2 მილიარდ დოლარს გადაუხდის

ბანკი Barclays-ი ამერიკის ხელისუფლების სარჩელის საფუძველზე 2 მილიარდ დოლარს გადაიხდის. საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც იპოთეკური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება.

როგორც bbc წერს, ამერიკის ხელისუფლების მონაცემებით, ბანკს ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდა იპოთეკური აქტივების ხარისხთან დაკავშირებით 2005-2007 წლებში. ფედერალური პროკურატურის განხადებით, სარჩელი ეხება 36 შეთანხმებას, რომლის მეშვეობით მოხდა იპოთეკური კრედიტების რეფინანსირება 31 მილიარდი დოლარის ოდენობით.

გარდა ბანკისა, 2 მილიონის ოდენობით თანხას გადაიხდიან ასევე ბანკის მაღალრისკიანი იპოთეკური ქაღალდების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პოლ მანეფი და მსგავსი ქაღალდებით ვაჭრობის ყოფილი უფროსი ტრეიდერი ჯონ კეროლი. თანხის გადახდის შემთხვევაში მათ მიმართ გამოძიება შეწყდება.

ბანკის გენერალური დირექტორის ჯეს სტეილის განცხადებით, ბანკი „კმაყოფილია პრობლემის სამართლიანი და თანაფარდი გადაწყვეტილებით“.

შეგახსენებთ, ამერიკის ხელისუფლებაში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს გამოძიება ბანკების მხრიდან აქტიური ფასიანი ქაღალდების განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე ხდებოდა. ბანკებზე დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობა ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს.

კოკა კვირკველია