„მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ“

„მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "სითი  ინსტიტუტის"  წარმომადგენლებს  შეხვდა.

მისი თქმით, „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დედაქალაქის განვითარების გეგმის გარკვეული კონცეფცია მერიისთვის მისაღებია.

„მერიაში მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ, გენერალური გეგმის დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასებისა და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედეგად წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა რამდენიმე დღის უკან. დავწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში - „მწვანე ქალაქი“, „კომპაქტური და შეკავშირებული ქალაქი“ ჩვენთვის მისაღებია“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმასთან დაკავშირებული დისკუსიები და განხილვა დასრულებულია.

„მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული. ჩვენ ვასრულებთ გენგემასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული“, - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, „სითი ინსტიტუტს“ საშუალება მიეცემა, რომ თავისი ვალდებულებები დაასრულოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გენგეგმის არსებობა თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია და პირადად ჩემთვისაც, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს თავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ მას, მერიის ყველა სამსახური, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, "სითი ინსტიტუტის" მიერ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტი 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი.