პროექტის „10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში ორი ბრმა დეგუსტაცია გაიმართება და ღვინოები საბოლოოდ შეირჩევა

ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა ცნობილია, ახლა კი ამ სახეობების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტში ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” მონაწილეობა 40-ღვინის კომპანიამ მიიღო.

საფერავი, ტვიში, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - ეს კი რჩეული სახეობების ჩამონათვალია, რომელიც ფართო საზოგადოების მონაწილეობით გამოვლინდა.

„ძალიან დიდი ამდლობა მინდა გადავუხადო ღვინის იმ კომპანიებს, რომლებმაც მოგვიტანეს ნიმუშები და ჩაერთვნენ ამ მართლაც, ისტორიულ პროექტში. ყველა მათგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც საბოლოოდ ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,” - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

ღვინის კომპანიების რეგისტრაციის შემდეგ პროექტის ორგანიზატორი "პალიტრა მედია ჰოლდინგი" ორ ბრმა დეგუსტაციას მოაწყობს 2-3 აპრილს, რომლის შედეგადაც უკვე გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან.

ამ დეგუსტაციის საფუძველზე ღვინის ექპერტები გამოავლენენ რჩეულ ღვინის კომპანიებს. დეგუსტაციამდე მათი ვინაობა კონფიდენციალურია.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება პროექტის პრომოუშენი და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.