ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს 2010 წლიდან ახორციელებს.
IDFI-ს მიერ 2010-2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ სულ 45 310 განცხადება გაიგზავნა, საიდანაც პასუხი მიღებულია 37 511 მოთხოვნაზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2017 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა კი 88%-ს შეადგენს.
2017 წელს, IDFI-იმ 289 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ამასთან, IDFI-ს ინფორმაციით, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი 39-მა საჯარო დაწესებულებამ აჩვენა. მათ შორის იყო: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კი გასულ წელს სსიპ - შემოსავლების სამსახური დასახელდა.
„შემოსავლების სამსახურს 29 მოთხოვნა გაეგზავნა, საიდანაც პასუხი ინსტიტუტს სამწუხაროდ, არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უარესდება და 2016 წლიდან 0%-ს უტოლდება. 2017 წელს შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს 289 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგრესის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც 2016 წლის 81,9%-იანი მაჩვენებელი 2017 წელს 69,8%-ით გააუარესა და 12,1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში მაჩვენებელი გაუარესდა 35,7%-ით.
2017 წელს გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებული იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016 წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის 2017 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო + 46,2%,“-აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.