საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია 1,2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 0,9 მილიონი მსუბუქი ავტომანქანა და 1,3 მილიონი მართვის მოწმობა.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ოფიციალურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია და მოსახლეობის დაახლოებით 20% - 17 წლამდე ასაკისაა, გამოდის, რომ საშუალოდ, ქვეყანაში ყოველი მესამე ზრდასრული მოსახლე ერთზე მეტ ავტომობილს და მართვის მოწმობას ფლობს.
„ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 6,939 სისხლის სამართლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამ სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის საშუალო ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამავე წელს, ადმინისტრაციული შეჯახებების რაოდენობა 32,015-ს შეადგენს, რაც დაკავშირებულია ქონების ან სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წლის მანძილზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 38,954-ს შეადგენს, გამოდის, რომ დღეში დაახლოებით 107 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხება და წლის განმავლობაში ყოველი 30-ე ავტომობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ახდენს,“-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია - 47% თბილისში ფიქსირდება, შესაბამისად დედაქალაქში მაღალია დაშავებულთა (42%) და გარდაცვლილთა (17%) რაოდენობა. თუმცა, მიუხედავად, თბილისში დაფიქსირებული ხშირი ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისა, ანგარიშის მიხედვით, ფატალური შემთხვევების წილი რეგიონებში უფრო მაღალია.