2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13,2%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მარტის თვის სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +13.2%-იანი ზრდა.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოში სიტყვა ტურიზმი გადაიქცა წარმატების სინონიმად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება.
რაც შეეხება მარტის თვის მაჩვენებლებს და იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვს, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 292 017 შეადგინა, რაც 72 403-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე და ფიქსირდება +33%-იანი ზრდა.
2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან 133 448, სომხეთიდან 109 371, თურქეთიდან 100 721, რუსეთიდან 91 529 და ირანიდან 58 828 განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43% და აშშ +35%.
2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 1 463 561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 196 584-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +15.5%-იანი ზრდა”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება 2018 წლის 3 თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვს, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, გიორგი ჩოგოვაძის მონაცემებით, მათმა რიცხვმა 659 338 შეადგინა, რაც 144 933-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე და ფიქსირდება +28.2%-იანი ზრდა.
მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს.
აღნიშნული მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.