ბაზრობებზე სალარო აპარატების გარეშე ვაჭრობა 2015 წლის 1 იანვრამდეა შესაძლებელი

ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის უფლება გაუხანგრძლივდათ.

პარლამენტის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ბაზრობის მოვაჭრეებს აღნიშნული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება კიდევ ერთხელ - ამჯერად 2015 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდათ. მათ სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ექნებათ, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 ივლისისა, როგორც ეს "საგადასახადო კოდექსში" იყო გათვალისწინებული.

ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, 2015 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.