"უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელი ადგილები შეირჩევა მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძე აცხადებს, პარკინგების დეტალური კვლევა ამ დრომდე ჩატარებული არ იყო.
„პარკინგების დეტალური კვლევა არ ჩატარებულა. ზოგადად იყო შერჩეული 10 ლოკაცია, სადაც შეიძლებოდა მიწისქვეშა პარკინგების გაკეთება, თუმცა, ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, გეოლოგია, ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება და ა.შ. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ გამოცხადებას რამდენიმე მიმართულებით და ეს ცნობილი იქნება თქვენთვის თუ რომელი ადგილები იქნება კონკრეტულად“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გასულ წელს, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია.
კომპანიის ინფორმაციით, შერჩეული იყო: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.
შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგის ადგილი იყო, ხოლო ერთი, მიწისზედა პარკინგი, რომელიც თბილისის მერიასთან უნდა მოწყობილიყო.
მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერიას კომპანიები კონკურსის წესით უნდა შეერჩია.