ავსტრალიამ იმ პირთა სია გააფართოვა, ვისაც სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის, დამატებით კიდევ 38 რუსს და 11 უკრაინელს სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯული ბიშოპის განცხადებით, ფინანსური სანქციების დაწესებით ავსტრალია კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

"კვლავინდებურად შეშფოთებული ვარ უკრაინის აღმოსავლეთით მოვლენების ესკალაციით, რასაც ათობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ავსტრალია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს კურსის შეცვლისკენ. რამდენადაც რუსეთმა ამ დრომდე არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის კრიზისის დეესკალაციისკენ, ავსტრალია რუსი და უკრანელი პირებისთვის დაწესებული სანქციების სიას აფართოებს და 38 რუს და 11 უკრაინელს უწესებს სანქციებს", - აღნიშნა ჯული ბიშოპმა.

საერთო ჯამში, ავსტრალიის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 50 კერძო პირი და 11 კომპანიაა. სანქციები ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვასა და ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.